17 დეკემბერი 2018,   07:59
ვრცლად
პარლამენტის რეზოლუცია - მმართველი გუნდი და უმცირესობა დღეს საბოლოო კონსულტაციების გამართვას ელოდებიან

უკვე 2 კვირაზე მეტია, პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია ვერ მიიღო. დოკუმენტის საერთო ტექსტზე შეთანხმებას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია არაერთი კონსულტაციის მიუხედავად, ისევ ვერ ახერხებს. მმართველი გუნდი და უმცირესობა დღეს საბოლოო კონსულტაციების გამართვას ელოდება, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს მზად არის თუ არა პარლამენტი რეზოლუციაში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და სანქციები ჩაწეროს.

„რეზოლუცია აუცილებლად იქნება მიღებული. აუცილებელია ასევე, რომ მხარეების პოზიციების შეჯერება მოხდეს. ჩვენ ეს ნება გამოვთქვით. დარწმუნებული ვარ, რომ კონსულტაციები გარკვეულ შედეგს მოიტანს. მთავრი და აუცილებელია, რომ ჩვენ ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ განვაცხადოთ საქართველოს პრინციპული პოზიცია, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განვაცხადოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევებთან, რომელშიც პირდაპირ მიუძღვის წვლილი ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს,“- განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რეზოლუცია არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას სჭირდება.

„შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ერთ რეზოლუციას ყველა ერთად მხარს დავუჭერთ. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენ შორის განსხვავება, არ მგონია, რომ წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამო ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს საერთო რეზოლუციის მხარდაჭერაზე. უდიდეს ნაწილზე ჩვენ, ფაქტობრივად, შეთანხმებულები ვართ,“- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობისთვის პრინციპული საკითხია, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ დოკუმენტში სანქციები აისახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ევროპული საქართველო" მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს. 

„პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ შევთანხმდეთ, ერთად ვებრძოლოთ ენს მტერს, ერთიანი პოზიციით გამოვიდეთ მტრის წინაშე და ეს პოზიცია პრინციპული იყოს და ამ პოზიციის შემდეგ რუსეთმა ფასი გადაიხადოს. ფაქტია, რომ უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ ის მზად იყო, შეგვეჯერებინა პოზიციები და პრემიერის განცხადების შემდეგ ეს პროცესები შეჩერდა. იმედი მაქვს, რომ ამას უმრავლესობა გადალახავს და ერთიანი პოზიცია გვექნება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

დღის ამბები