25 აპრილი 2024,   11:19
ვრცლად
რეზოლუცია ტატუნაშვილზე - უმრავლესობის და ოპოზიციის კონსულტაციების მორიგი რაუნდი პარლამენტში გაიმართება

უმრავლესობის და ოპოზიციის კონსულტაციების მორიგი რაუნდი პარლამენტში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. სწორედ ამ მოლაპარაკების შედეგზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა პარლამენტი რეზოლუციაში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების ჩაწერას.

კონსულტაციები ამ თემაზე, საკანონმდებლო ორგანოში უკვე 2 კვირაზე მეტია გრძელდება. პარლამენტმა რეზოლუცია ჯერ კიდევ ვერ მიიღო.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ თუკი რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არ შევა, ისინი მხარს არ დაუჭერენ საბოლოო დოკუმენტს.

„სამწუხაროდ, ის მსჯელობა, რომელიც რეზოლუციასთან დაკავშირებით დღემდე გაიმართა პარლამენტში აჩვენებს, რომ ესეთი პოლიტიკური ნება უმრავლესობაში დღეს არ არსებობს. ვნახოთ როგორ ჩამოყალიბდება მათი საბოლოო პოლიტიკური პოზიცია. ჩვენი პოზიცია რჩება ურყევი. ჩვენ გვსურს რეზოლუციას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ რეზოლუციაში უნდა ჩაიდოს ქმედითი ღონისძიებები და საკითხები, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდას," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რეზოლუციაში ღიად უნდა იყოს დაფიქსირებული ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის საკითხი. „ევროპული საქართველო“ უმრავლესობისგან ამ თემასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება.

„საუბარი არის პრინციპულ საკითხზე, იქნება თუ არა შექმნილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომლის როგორც ადმინისტრირება, ის მერე ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რომ ამ სიაში შესული ადამიანები მოხვდნენ ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ შეზღუდვების სიაში. ეს ყველაფერი უნდა იყოს ღიად ნათქვამი რეზოლუციაში,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამაც. იგი აცხადებს, რომ რეზოლუციაში შეტანილ სანქციებს  შედეგი არ ექნება.

„მე არ მინდა რომ ჩვენ წარმოვჩნდეთ ასე უმწეო და უსუსურად, მით უმეტეს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოთავაზებულ პროექტში მთელი გვერდია აღწერილი იმისა, თუ რა არ შეგვიძლია ჩვენ. ჩვენ ბევრი რამ არ შეგვიძლია, ჩვენ პრაქტიკულად,  არც არაფერი არ შეგვიძლია რუსეთის წინააღმდეგ გავაკეთოთ. ასეა ჩვენი რეალობა მწარე, მაგრამ სხვათაშორის, ამავდროულად ბევრი რამ შეგვიძლია, თუ ჭკვიანურად მოვიქცევით,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

დღის ამბები