პარლამენტის რეზოლუციაზე კონსულტაციები არ შედგა. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაიმართება და სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას მომავალ კვირას მიიღებენ.
მდინარაძე კონსულტაციების გადადების მიზეზად, საკითხის სირთულესა და ყველა დეტალის განხილვის აუცილებლობას ასახელებს.
„კვირის ბოლომდე გავაგრძელებთ კონსულტაციებს. რეზოლუცია იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკმაოდ პრინციპული, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე უმცირესობას ჰქონდა რეზოლუციის საკუთარი ვარიანტი და ხდება კონსულტაციების ამ ვარიანტების შეჯერებაზე, მათ შორის არის სიაც. ჩვენ შევთავაზეთ გამართული ვერსია, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იმიტომ რომ აღსრულების მექანიზმები ამ ყველაფრის, ინსტრუმენტები ტექნიკური მხარეც კი არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი სერგი კაპანაძე ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენის აუცილებლობაზე საუბრობს.
„პრინციპულად არის მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია, რომელიც იქნება ძლიერი და სიძლიერე რეზოლუციის გამოიხატება არა მხოლოდ შეფასებებში, არამედ კონკრეტული ინსტრუმენტის შემუშავებაში. ჩვენთვის ეს ინსტრუმენტი არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რუსეთის ოკუპანტურ პოლიტიკასა და არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კონსენსუსის მიღწევას დეპუტატები უკვე 2 კვირაზე მეტია ცდილობენ.