24 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
გათავისუფლებული მეზღვაური - ნუკრი ხოხბას საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ

ლიბიაში, 6 თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

ნუკრი ხოხბა 6 თვიანი პატიმრობიდან ორი დღის წინ გაათავისუფლეს, ხოლო ხომალდის კაპიტანი და კაპიტნის თანაშემწე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

„თვითონ უჭირდა ციხეს. არ იყო პროდუქტი, შემოჰქონდა ოღონდ ცოტა ძალიან, არ გვყოფნიდა და მოვითხოვდით პროდუქტის შემოტანას. წყალი 4 დღის განმავლობაში არ გვქონია და წვიმის წყალს ვსვამდით. არიან პატიმრები, რომელთა ბედი გაურკვეველია,“ - ამბობს მეზღვაური ნუკრი ხოხბა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში ლიბიაში წასვლას და მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში, აქტიურად ჩართვას გეგმავენ.

„მოგეხსენებათ ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი, ამის გამო იქ სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით მუშაობენ, რაც თავის მხრივ აფერხებს ჩვენი საქმის მსვლელობას. სწორედ ამის გამო ვგეგმავთ დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მეზღვაურები დაბრუნდნენ საქართველოს,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ქართველი მეზღვაურები გასულ წელს საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები