22 ივნისი 2018,   01:34
ვრცლად
სოფელ ვალეში კათოლიკური სამლოცველოს ხატები და რელიგიური ლიტერატურა, სავარაუდოდ, ქალმა დაწვა

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ვალეში კათოლიკური სამლოცველოს ხატები და რელიგიური ლიტერატურა, სავარაუდოდ, ქალმა დაწვა. უცნობი პირი სამლოცველოს ტერიტორიაზე მომვლელმა შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე შენიშნა. ადგილობრივები შიშობენ, რომ მომხდარის გამო რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი გამწვავდება.

კათოლიკური ეკლესიის მრევლი ეჭვობს, რომ პროვოკაცია სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეების დასაპირისპირებლად მოაწყვეს.

ადგილობრივების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კათოლიკური სალოცავიდან ნივთები გაურკვეველ ვითარებაში იკარგება ან ნადგურდება.

მართლმადიდებელი მრევლი შიშობს, რომ შესაძლოა მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ისევ გაგრძელდეს, ამიტომ დამნაშავის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.

სოფელ ვალეში ხატებისა და რელიგიური ლიტერატურის დაწვა დღეს ყველა მღვდელმთავარმა დაგმო. სოფელ ვალეში მომხდარი ფაქტის უკან საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი სხვადასხვა აღმსარებლობის მრევლის დაპირისპირების მცდელობას ხედავს.

ვალეს მოსახლეობამ მომხდარის შესახებ პოლიციას არ აცნობა და გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა. უკვე დაიკითხნენ ადგილობრივები.

ამავე თემაზე
დღის ამბები