19 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
განიხილავდნენ თუ არა პრემიერის გადადგომას "ქართული ოცნების" ლიდერები - პარტიის ოფისში შეხვედრა დასრულდა

მმართველი გუნდის ოფისში „ქართული ოცნების“ ლიდერები მოლაპარაკებებს მართავდნენ. ორსაათიან შეხვედრას უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის მეთაური ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობდნენ. მმართველ გუნდში აღნიშნულს „ჭორსა“ და „დესტრუქციულ“ ქმედებას უწოდებენ.

„რასაკვირველია, არსებობს გარკვეული ჯგუფები, ე.წ. ექსპერტები, საინფორმაციო საშუალებები, რომელიც სტრუქტურას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“, რომელთაც უნდათ ეს არასტაბილურობის განცდა შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში, რომ, თითქოს, იქ რაღაც ცვლილებებია, მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრისა და პარტიის ლიდერის წასვლაზეა ლაპარაკი, ჭორები, ვინ ცვლის მას, ეს დესტრუქცია იმისთვისაა, რომ როგორმე შეარყიონ სახელისუფლებო სტრუქტურები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრია. პარტიაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა გუნდის გაძლიერებას ემსახურება.

„დღეს არის გიორგი კვირიკაშვილი პრემიერი, გუნდის პოლიტიკური ლიდერი და ის აგრძელებს მის საქმიანობას. რაც არ უნდა ისაუბროთ, ეს არის მოცემულობა, კვირიკაშვილი არის გუნდის ლიდერი. მინდა, ყველა ჩვენი ოპონენტი დავარწმუნო, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა ემსახურება მთავრობის და პარლამენტის საქმიანობის უფრო ჰარმონიზაციას და გუნდის გაძლიერებას“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები