19 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
მკვლელობა სოფელ კაზრეთში - მამაკაცმა ნათესავი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 

მკვლელობა ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთში - 1964 წელს დაბადებული მამაკაცი ნათესავმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაული უკვე გახსნეს. დაკავებულია 1963 წელს დაბადებული მამაკაცი. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. 

ჩადენილი დანაშაული 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთში ნათესავს - 1964 წელს დაბადებულ რ.გ.-ს, ვალის გადაუხდელობის მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დადგინდა, რომ რ.გ.-ს ბრალდებულის 7000 აშშ დოლარი ემართა და გადახდას ვერ ახერხებდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ კაზრეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო,"-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

დღის ამბები