20 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
ბრიტანულ-რუსული კონფლიქტი მწვავდება - რუსეთს სანქციებს რამდენიმე ქვეყანა უწესებს 

ბრიტანულ-რუსული კონფლიქტი კიდევ უფრო მწვავდება - ტერეზა მეისთან ერთად დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ლიდერები სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ და მომხდარს ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად აფასებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში რუსი აგენტის მოწამვლის საქმეზე მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. შეერთებული შტატები კი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს.

დღეს მწვავე განცხადებები გაკეთდა ნატო-შიც. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ქვეყნები ჩამოთვალა და მათ შორის საქართველოც ახსენა.

საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტშიც. ერთ-ერთმა დეპუტატმა საქართველოზე შეკითხვა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების კონტექსტში დაუსვა.

ლონდონი რუსეთის საპასუხო ნაბიჯების მოლოდინშია. ორ ქვეყანას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე ვლადიმერ პუტინმა დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაც მოიწვია.

სოლსბერის თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთში სამხედროების დაცვას აძლიერებს. შეიქმნება ქიმიური იარაღისგან დაცვის ცენტრი, რომელზეც 48 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება.

ბრიტანეთ-რუსეთის ურთიერთობების გამწვავების ფონზე გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა ტრამპის ადმინისტრაციამ და შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კიბერთავდასხმებისთვის სანქციები 19 პირს და 5 ორგანიზაციას დაუწესა. სიაში მოხვდა ცნობილი ოლიგარქი ევგენი პროგოჟინი და რუსეთის სამხედრო დაზვერვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები