20 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
გახმაურებული საქმეების ცრუ მოწმე გოდერძი ჯოლოხავა პროკურატურაში იკითხება

ცრუ მოწმის საქმეზე პროკურატურა გამოძიება დაიწყო. გოდერძი ჯოლოხავა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას და გენერალური შტაბის ყოფილი მეთაურის, გენერალ გიგი კალანდაძის საქმეებში, თბილისის პროკურატურაში ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება.

გამომძიებლებს კითხვები აქვთ იმ სამართალდამცველთან დაკავშირებით, რომელიც, ჯოლოხავას მტკიცებით, ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებდა.

გოდერძი ჯოლოხავას ჩვენება აქვს მიცემული ყოფილი მთავარი პროკურორის, დავით საყვარელიძის წინააღმდეგაც.

საკუთარ ცრუ-მოწმეობასა და პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ჯოლოხავამ ერთი კვირის წინ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს და მოწმდება ის ფაქტები, რომელზეც ჯოლოხავამ ისაუბრა. მთავარ საგამოძიებო უწყებაში აღნიშნეს, რომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე არცერთ საქმეში ჯოლოხავა მათი მოწმე არ ყოფილა. 

„ბაჩანა ახალაიას ბრალდების არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, აღნიშნული პირი მოწმის სახით სასამართლოში დაკითხული არ არის. აქ იყო მის მიერ დასახელებული კონკრეტულად შსს-ის თანამშრომელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ვისთანაც მას წლების განმავლობაში აკავშირებდა გარკვეული საქმიანობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ გამოძიება იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მოწმემ მოგვაწოდა“,- განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

დღის ამბები