25 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე შეთანხმება მიღწეულია - ერთობლივ დოკუმენტში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც მოხვდება

რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე შეთანხმება მიღწეულია. პარლამენტი ერთობლივ დოკუმენტს მიიღებს და მასში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც მოხვდება. მთავრობა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს დათანხმდა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ყველა იმ პირმა, ვინც მოღვაწეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქნება ეს პირდაპირ რუსეთის რეგულარული სტრუქტურების წარმომადგენლები თუ მარიონეტული სტრუქტურების წარმომადგენლები, უნდა იცოდეს, რომ თუ ის ჩაიდენ ან ხელს დააფარებს ასეთ დანაშაულს, მას სამიზნე ექნება დახატული შუბლზე და ის იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში სამიზნე ამ სანქციების მთელ ცივილიზებულ სამყაროში,“ - განაცხადა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა შეძლოს ერთიანი, პრინციპული რეზოლუციის მიღება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

„ამ რეზოლუციაში იქნება მკაცრი შეფასებები მომხდართან დაკავშირებით, ასევე, მოთხოვნილი კონკრეტული ქმედებები, მათ შორის, გამოძიების ჩატარება საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება და სპეციალური სიის ფორმირება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული რეზოლუცია ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვარიანტისგან განსხვავებულია.

„სამწუხაროდ, ეს ვარიანტი არ არის ის, რასაც ველოდით, მიუხედავად ამისა, ამ კომპრომისულ შემოთავაზებას დავუჭერთ ჩვენ მხარს, რადგან პრინციპულია, რომ თავისთავად, უკვე, სანქციის ფორმა არის ჩადებული და ერთობლივი მხარდაჭერით მისი გასვლა პოლიტიკურადაც იქნება უკეთესი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები