20 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
"ქართული ოცნების" სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მღვდელს დეკანოზის ხარისხი მიანიჭეს და წყნეთში მიწა გადასცეს

ქართული ოცნების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მღვდელ ნიკოლოზ ჩხიკვაძეს დეკანოზის ხარისხი მიანიჭეს. კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მღვდელს წყნეთში ძვირადღირებული მიწა გადასცა.

წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში კურიერი არ შეუშვეს. მღვდელ ნიკოლოზ ჩხიკვაძეს რუსთავი2-ის ჟურნალისტი ტელეფონით წინასწარ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერა უნდოდა მისი ოჯახის სახელზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთის შესახებ. ეკლესიაში მისულ გადამღებ ჯგუფს კი დეკანოზმა მცველი დაახვედრა.

2015 წელს მამა ნიკოლოზმა სოფელ დიღომში ქვესადგურის გვერდით 675 კვადრატული მეტრის მიწა 20 ათას ლარად შეიძინა და ტერიტორია შვილის, ლაშა ჩხიკვაძის, სახელზე გააფორმა.

მოგვიანებით იგივე მიწა მღვდლის საბუთებში ქონება მღვდლის ცოლზე, თამარ აფხაზავაზე, გადაფორმდა. ეს უკვე მას შემდეგ, რაც ოჯახმა მიწის გადაცვლის მცდელობა დაიწყო. 20 ათასად ნაყიდი მიწა მღვდელს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 99 ათასად შეუფასა.

პირველი მცდელობა სოფელ დიღმის ნაკვეთის საბურთალოთი ჩანაცვლება იყო. მერიაში შესაბამისი საბუთიც მომზადდა და დასამტკიცებლად საკრებულოსი გადაიგზავნა. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის გამო, მაშინ ეს საკითხი ვერ გავიდა და სასულიერო პირს საკუთრებაში ისევ სოფელ დიღმის მიწა დარჩა.

მოლაპარაკებები მერიასთან მღვდელმა ნიკოლოზ ჩხიკვაძემ პირველი უარია შემდეგ 2017 წლის 20 სექტემბერს განაახლა. მღვდელმა მერიას კიდევ ერთხელ მიმართა და ამჯერად ადგილმონაცვლეობის გაკეთება დიღმიდან დაბა წყნეთში მოითხოვა.

საკრებულოს უმრავლესობამ განკარგულება დაამტკიცა, რის შედეგად სასულიერო პირს სოფელ დიღომში არსებული მიწის ნაკვეთის მაგივრად, წყნეთის ცენტრში 433 კვადრატული მეტრის მიწა გადაეცა.

ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ნიკოლოზ ჩხიკვაძეს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის საჯარო გმობა დაუფასა და მისთვის მსგავს გარიგებაზე სწორედ ამის გამო წავიდა.

 

დღის ამბები