25 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას დღეს პარლამენტში განიხილავენ 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს. რეზოლუციის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წარადგენს.

„რეზოლუციაში მკაცრი შეფასება არის მომხდართან დაკავშირებით. ასევე მოთხოვნილია კონკრეტული ქმედებები, როგორიც არის საერთაშორისო აქტორების ჩართულობით გამოძიების ჩატარება, მონიტორინგი საერთაშორისო მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ სპეციალური სიის შექმნა, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო ბრალდებული და მსჯავრდებული პირების შესაძლო სია,“-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დოკუმენტი უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის გადამუშავებული ვარიანტია, რომელშიც ასახულია უმცირესობის ინიციატივა.

„მნიშვნელოვანია პარლამენტში იყოს ერთიანი, კონსოლიდირებული გზავნილი პარლამენტიდან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე რუსეთისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვისაც და სეპარატისტული რეჟიმისთვისაც, რომ ამგვარი ტიპის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი.

დაუჭერს თუ არა დოკუმენტს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილებას პარტია საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მიიღებს. დოკუმენტზე კენჭისყრა კვირის ბოლოს იგეგმება.

„ეს არი იქნება ის, რასაც ჩვენ ველოდით. სია ტატუნაშვილის არ ჰგავს არაფრით მაგნიცკის სიას. მიუხედავად ამისა ჩვენ ვნახავთ როგორი იქნება მისი საბოლოო ტექსტი და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დავუჭერთ თუ არა მხარს,“-ამბობს რომან გოცირიძე.

დღის ამბები