პედაგოგები ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. სარჩელი რაიონულ სასამართლოში დღეს შევა. შრომის თემის სამი საჯარო სკოლის ასამდე მასწავლებელი ხელისუფლებას უკანონო ქმედებასა და მათი კუთვნილი მიწების მითვისებაში ადანაშაულებს.
საუბარია ურეკის სანაპირო ზოლში მილიონ ნახევრად შეფასებულ მიწის ფართობზე, რომელიც პედაგოგების ინფორმაციით, სულ რაღაც 9 ათას ლარად აუქციონზე ისე გაიყიდა, რომ მათ არაფერი იცოდნენ.
კერძო მესაკუთრეს 2 ჰექტარი ნაკვეთი, გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღის ადრე გადაეცა.
„ამ ყველაფრის უკან დგას ოზურგეთის მაშინდელი გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ შრომის მოსახლეობა წლების განმავლობაში მიმართავდა თხოვნით მუნიციპალიტეტს, გადმოეცა ის მიწის ნაკვეთები, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და სარგებლობდნენ, არავინ ყურადღება არ მიაქცია. როგორც კი გაჩნდა ბატონი ჭანუყვაძის ინტერესი, მაშინვე მოახერხეს და დანაშაულებრივად მიითვისეს,“-აცხადებს საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მჟავანაძე.