24 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
პუტინი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე დაიკავებს

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდა. ის პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე დაიკავებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 77% მოიპოვა. ეგზიტპოლების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ის საკუთარ შტაბში ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე პუტინმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პუტინი სკრიპალის მოწამვლის საქმესაც შეეხო.

ოპოზიცია ბიულეტენების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს. მოძრაობა გოლოსის ინფორმაციით, მასობრივი დარღვევები გამოვლინდა მოსკოვის რეგიონში, სანქტ-პეტერბურგში და კრასნოდარის მხარეში.

კომუნისტების კანდიდატმა, რომელმაც პუტინის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო და მეორე ადგილზეა, განაცხადა, რომ ეს არჩევნები პოსტ საბჭოთა რუსეთის ისტორიაში ყველაზე ბინძური იყო.

მესამე ადგილზე ვლადიმერ ჟირინოვსკი გავიდა. რაც შეეხება ქსენია სობჩაკს, მან ხმების მხოლოდ 2% მოაგროვა. ალექსი ნავალნიმ კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ვლადიმერ პუტინი პირველ ადგილზეა რეგიონებშიც. ხმების ყველაზე მაღალი, 93% მოქმედმა ლიდერმა ჩეჩნეთში მიიღო.

პუტინი პირველი საპრეზიდენტო ვადით ჯერ კიდევ 2000 წელს აირჩეს, რის შემდეგაც ის ამ პოსტს უცვლელად იკავებს. გამონაკლისი მხოლოდ 2008-2012 წლები იყო, როცა კონსტიტუციის მოთხოვნების გამო პუტინმა პრემიერის პოსტზე გადაინაცვლა და პრეზიდენტის სავარძელი დროებით მედვედევს დაუთმო.

არჩევნებში ხმა პირველად მისცა ჟერარ დეპარდიემ, რომელმაც რუსეთის მოქალაქის სტატუსით ხმა პარიზში რუსეთის საელჩოში გახსნილ უბანზე მისცა.

დღის ამბები