25 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
ცვლილებები ე.წ. ქურდულ სამყაროს შესახებ კანონპროექტში - დეპუტატებმა კომიტეტის სხდომის დახურვა მოითხოვეს

პარლამენტში ე.წ ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე სხდომას შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილიც დაესწრო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების ნაწილმა სხდომის დახურვა მოითხოვა. სხდომაზე შსს-ის საკანონმდებლო ინიციატივის დახურულ რეჟიმში განხილვას დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, და ანრი ოხანაშვილი ითხოვდნენ. 

„არ მგონია, რომ ამ სხდომის დახურვამ, რაღაც განსაკუთრებით უარყოფითი და ნეგატიური პრაქტიკა დანერგოს პარლამენტის მუშაობაში,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტში განხილვის მსგავსად უნდა დაიხუროს.

სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარების მოთხოვნას შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილიც იზიარებდა.

დეპუტატების ნაწილის მოთხოვნა კომიტეტის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა და საბოლოო ჯამში, კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ სხდომის დახურვას მხარი არ დაუჭირა. 

„მე არ მახსოვს, ამ პარლამენტში და არც წინა პარლამენტში ასეთი პრაქტიკა, რომ კანონპროექტის განხილვა იყოს დახურულ ფორმატში და ასეთ პრეცენდენტს თუ დავნერგავთ არ იქნება კარგი. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია და მე არ დავუჭერ მხარს არცერთი კანონპროექტის დახურულ ფორმატში განხილვას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები