18 ივლისი 2018,   22:29
ვრცლად
ჩაქვი-ქობულეთის მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია - მოსახლეობა ივანიშვილის ხის გადატანის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს

ხმაური ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. გზის ეს მონაკვეთი მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გზაზე მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია, მიზეზი კი კვლავ ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხეების გადატანა იყო.

ამჯერად, მაგნოლიის ხე ყოფილი პრემიერის დაქირავებულ კომპანიას ციხისძირიდან ჩაქვის მიმართულებით გადააქვს. ავტომობილებს კი ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება არ მიეცათ. ცენტრალურ მაგისტრალზე ორივე მიმართულებით ძლიერი საცობი შეიქმნა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.

„სამსახურებში მივდივართ ყველა, ველოდებით ტრანსპორტს და გვეუბნებიან გადაიკეტა გზები. ხე მიაქვთო“-ამბობს ადგილობრივი.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მოძრაობა ხის გადატანის გამო სრულად შეზღუდულია მაგისტრალის ერთ ნაწილზე, სადაც ამ დრომდე საცობია. მათივე თქმით, ვერ ახერხებენ ბავშვების სკოლაში წაყვანას და სამსახურამდე მისვლას.

„გადაკეტილია, ხე მოაქვთ. აგერ ახლოსაა ხე. არ ვიცი რამდენ ხანს იქნება დაკეტილი. ვინც აქეთ ვართ ვმოძრაობთ, მაგრამ იქით საცობია“ - ამბობს ადგილობრივი მოსახლე.

დღის ამბები