ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ გახდება საყდრისში 16 ჰექტარი მიწის მფლობელი. ოპოზიცია და საყდრისის კომიტეტი RMG GOLD-ის წინააღმდეგ ერთიანდება, რის შემდეგაც კომპანია აუქციონზე ექსკლუზიური უფლებით ვეღარ ისარგებლებს.
აუქციონში მონაწილეობას იღებს გიორგი ვაშაძე. პირველი ლოტი უკვე დაფიქსირებულია.
„ვაჭრობას მივყვებით ბოლომდე, ფონდი დავაფუძნეთ იმისთვის, რომ რა თანხაც იქნება საჭირო შესაგროვებლად შემდეგ უკვე ვისაც სურვილი ექნება, ფინანსური მონაწილეობა მიიღოს ამ ყველაფერში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ტექნოლოგიურ მანიპულაციებს თავი დავანებოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში IT აუდიტს მოვითხოვთ“,- განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის წევრები ამ წუთებში ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებიან და აუქციონის შედეგს ელოდებიან.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 16 ჰექტარი 15 ათას ლარად სახლში არ წაიღოს ივანიშვილმა, რომ დამატებით ასობით მილიონი დოლარი, ევრო თუ ლარი კიდევ არ იშოვოს ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე დმანისსა და ბოლნისში. ელექტრონულ ფორმატშიც კი მასთან პაექრობაში შევალთ“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
„თავისუფალ დემოკრატებში“ ამბობენ, რომ RMG გოლდის საქმიანობა ადამიანების ჯანმრთელობაზე მოქმედებს. პარტიის გენერალური მდივნის, თამარ კეკენაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ კომპანიის მხრიდან ახალი ტერიტორიების შეძენის პროცესს ხელი შეუშალოს.
„საქართველოს ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ მზად არიან „ყველა ხრიკისთვის, რაც შეიძლება ხელისუფლებამ შესთავაზოს“.