24 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი2"-ზე - დაშავებული ჟურნალისტი დავით ერაძე სახალხო დამცველს შეხვდა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ვაკის რაიონის პოლიციის სამმართველოში "რუსთავი2-ის“ თანამშრომლების გამოკითხვა გრძელდება. სამართალდამცველები ტელეკომპანიის ყველა იმ წარმომადგენელს ჰკითხავენ, ვინც თავდასხმის დროს გადაღებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს.

პარალელურად ე.წ. „ქართული მარშის“ წევრების მხრიდან ძალადობის დროს, დაშავებულ ჟურნალისტს, დავით ერაძეს, ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, სამხარაულის ბიუროდან, ჟურნალისტი, სახალხო დამცველი ოფისში მივიდა.

„ლადო სადღობელაშვილი თითქმის შევიდა "რუსთავი2"-ის ეზოში, როცა ჩვენ ვყვიროდით - დააკავეთ, დააკავეთ. როცა პატრულმა ხელი შეუშალა მას ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლაში, ამ დროს, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მერე გავარკვიეთ, რომ სიგარეტის ნამწვი ესროლეს დათოს თვალში, ის მოტრიალდა და ჩემთან ორი ადამიანი იდგა, ნათლად დავინახე, როგორ გამოიყურებიან ისინი შემიძლია აღვწერო და ერთ-ერთმა დათოს მუჭი დაარტყა სახეში.

ასე რომ, აგრესია დათოს მხრიდან არ ყოფილა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოვრბოდით „რუსთავი2“-ის მიმართულებით“-ამბობს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.

მომხდარის დეტალებსა და სახალხო დამცველთან შეხვედრაზე, თავად ჟურნალისტის დავით ერაძე საუბრობს. მისი თქმით, სახალხო დამცველი საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული, იმ თავდასხმის შესახებ, რომელიც გუშინ „რუსთავი2“-ზე განხორციელდა.

„როგორც პირველადი დასკვნით ვიცი, ექსპერტიზამ ჩემთანაც დაადასტურა, რომ დაზიანებები აღმენიშნება. ექსპერტიზის შემდეგ ვიმყოფებოდი სახალხო დამცველის აპარატში. საკმაოდ ინფორმირებული იყო სახალხო დამცველი მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მათი მთავარი მოკვლევის საგანი არის ის, რომ მოხდა თუ არა ჟურნალისტური საქმიანობის დროს ხელის შეშლა და ეს ცალსახად ფაქტია, რომ მოხდა.

ჩემი და სადღობელაშვილის შეჯახება, ასე ვთქვათ, სიტყვიერი, ხმამაღალი საუბარი, გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, რომელიც ჩემი აზრით, რაღაც პერიოდის შემდეგ მოგვარებადი იყო, არ მოხდებოდა გართულება. ვიღაცამ ჩათვალა საჭიროდ, რომ მისთვის დახმარება უნდა აღმოეჩინა, მომეპარა უკნიდან და დამარტყა“-ამბობს დავით ერაძე.

დღის ამბები