20 აპრილი 2024,   01:23
ვრცლად
ივანიშვილის ხის გადატანის სამუშაოების გამო ცენტრალურ მაგისტრალზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მორიგი ხის გადატანის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, პარალიზებული იყო სარკინიგზო მიმოსვლაც.

წაქცეულია განათების ბოძები, საგზაო ნიშნები, დაზიანებულია ელექტროსადენები და გაჩეხილია ხეები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეების გადატანის გამო მათ პრობლემები ექმნებათ.

ოპოზიცია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე პასუხისმგებლობას იმ ფირმას აკისრებს, რომელიც ხის გადატანის სამუშაოებს აწარმოებს და აცხადებს, რომ სამუშაოებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის თანხა არ უნდა დახარჯოს.

„მოშლილია მიმდებარე ინფრასტრუქტურა, დაზიანებული გზის მონაკვეთი, წაქცეულია გარა განათების ბოძები. აბსოლუტურ მარაზმში გვამყოფებს ქვეყნის ოლიგარქი და ეს მარაზმული დამოკიდებულება უკვე შემსრულებელი კომპანიებისგანაც იგრძნობა,“-ამბობს ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ბონდო თედორაძე.

ადგილზე გარემოს დაცვის სამსახურიც გამოიძახეს, თუმცა უწყებიდან არავინ მისულა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ქობულეთის მერია.

დღის ამბები