24 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
15 000-დან 656 ათასამდე - საყდრისში 16 ჰა მიწის ფასი აუქციონის ვადის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიზარდა

საყდრისში 16 ჰექტარი მიწის ფასი აუქციონის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე რეკორდული სისწრაფით გაიზარდა. საწყისმა ფასმა 15 ათასი ლარიდან ცოტა ხანში, თითქმის, 656 ათასს მიაღწია.

ოპოზიცია და საყდრისის კომიტეტი RMG GOLD-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. შესაბამისად, RMG GOLD აუქციონზე ექსკლუზიური უფლებით ვეღარ სარგებლობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი აუქციონს ბოლომდე მიჰყვებიან.  

„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ის პირდაპირი მკვლელობა, რომელსაც აკეთებს ახლა RMG GOLD მოქალაქეების წინააღმდეგ თავისი დაბინძურებით, ეს გაჩერდეს და რაც მთავარია, ივანიშვილსაც ჰქონდეს  გზავნილი, რომ ისე არ არის ყველაფერი, როგორც მას ჰგონია და შეგვიძლია, ჩვენ კონკრეტული მექანიზმებით შევაჩეროთ მისი უკანონო ქმედებები ამ ქვეყანაში. მივყვებით ბოლომდე ამ პროცესს და დღეიდან პირობებს ვაყენებთ ჩვენ,“ -განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება თანხას, პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაიხსნება სპეციალური ანგარიში, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ თანხის ჩარიცხვა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 16 ჰა მიწის ფართობის მითვისება ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს.

ბოლნისელებისა და დმანისელების პრობლემა არ იყოს მხოლოდ მათი პრობლემა და მოხდეს მათ გარშემო გაერთიანება. ეს არის ის გამოწვევა, რის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური პარტია და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია. ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე კი არა, კატასტროფა ტრიალებს უკვე და ნებისმიერ ბოლნისელს თუ ვკითხავთ, ბოლნისში ცხოვრება  უკვე არის აუტანელი და ვისაც აქვს შესაძლებლობა, გადადის. ამიტომ  ყველგან შევუქმნით დისკომფორტს ივანიშვილს და ასობით მილიონი დამატებითი დოლარისა და ევროს მოპოვების ოქროს სახით და სახლში წაღების საშუალებას აღარ მივცემთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

 

დღის ამბები