20 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
თავდასხმა რუსთავი2-ზე - პოლიტიკოსები და არასამთავრობოები ხელისუფლებისადმი მიმართვას ამზადებენ

პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი2-სა და მის ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმის გამო, ხელისუფლებისადმი მიმართვას ამზადებენ.

ეს გადაწყვეტილება ლიდერებმა დღეს სამაუწყებლო კომპანიაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მათ თავდასხმის დეტალები გააცნო და საერთო პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე შეკრებილები ასევე თანხმდებიან, რომ მედიაზე თავდასხმის საქმეს უფრო მძიმე კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო სწორი და მკაცრი მუხლით დაეწყოთ გამოძიება და ეს იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან ზუსტად ის გზავნილი, რომ ასეთი ფაქტები მათთვის არის მიუღებელი. პრევენცია მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ეს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით დაიწყება და ყველა დაისჯება, ვინც ამაში იყო ჩართული. სხვა შემთხვევაში შეიძლება, ჯაჭვური რეაქრია ჰქონდა,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ძალადობის ფაქტზე ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას და დამნაშავეების დასჯას მოელიან.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების მხრიდან სწორი და ადეკვატური შეფასება მოხდეს, რასთან გვქონდა ჩვენ საქმე,“ - აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

იურისტი და საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი, ბაია პატარაია, ამბობს, რომ რუსთავი2-ზე თავდასხმა სიძულვილის მოტივით იყო ჩადენილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები