22 ივლისი 2018,   00:53
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ყოფილი თანამშრომელი უკანონო მოსმენებში ადანაშაულებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უწყების ყოფილი თანამშრომელი უკანონო მოსმენებში ადანაშაულებს. ივანე აბესაძის თქმით, საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო უკანონოდ უსმენს, როგორც გარეშე პირებს ასევე, თანამშრომლებს, მათ შორის უსმენდნენ მასაც.

აბესაძის მტკიცებით, როდესაც მან ფარმაცევტულ და სამედიცინო სფეროში არსებული დარღვევები გამოავლინა, ამ ფაქტს სამსახურის მხრიდან რეაგირება არ მოყოლია. მოგვიანებით კი მოსთხოვეს თანამდებობა დაეტოვებინა.

„არის სპეციალური ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური, რომელიც ყოველგვარი სანქციის და ბრძანების გარეშე უსმენდნენ მოქალაქეებს. რაც სიუჟეტი გავიდა პოსტ სკრიპტუმში, მერე უკვე დაიწყო ღია მუქარები პირადად ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. ეს მუქარები მოდის პირდაპირ სუს-იდან,“ - განაცხადა ივანე აბესაძემ.

მომხდარს „ევროპული საქართველო“ ბრიფინგით გამოეხმაურა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა დაინტერესდნენ ამ ფაქტით.

„გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ თავისთავად და ავტომატურ რეჟიმში არ დაინტერესდა პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი. მინდა ყველას მივმართო, მათ ვინც აწარმოებდა ფართო კამპანიას „ეს შენ გეხება“, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ახალი კანონის მიღებაში, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ სრულიად მოტყუებულები, ვინაიდან, კანონი იმ ფორმითაც კი, რომლითაც იყო მიღებული, არ ფუნქციონირებს,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.

დღის ამბები