23 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
პანკისში დაკავებულების საქმე - საქალაქო სასამართლოში ორი ერთმანეთის პარალელური სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში პანკისის ხეობაში დაკავებულების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმეზე სულ 8 პირია ბრალდებული, რომლებსაც გამოძიება ტერორიზმის ხელშეწყობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ორი სასამართლო სხდომა. ერთ შემთხვევაში მოსამართლე განიხილავს გორნაკაშვილის და ჩოფანაშვილის  საქმეს, მეორე დარბაზში კი მიმდინარეობს დანარჩენი 6 ბრალდებულის სასამართლო პროცესი.

უცნობია რატომ მიიღო საქმის ორად გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ ამაზე პროკურორის არ საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გაასაჯაროებს.

„წარმოდგენილი გვაქვს საკმაოდ ფართო მოწმეთა ბაზა. ასევე გვაქვს წერილობითი  მტკიცებულებები და სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა დასაშვებობის საკითხზე დღეს იმსჯელებს სასამართლო. ამ ეტაპზე ჩაითვალა, გამოძიების და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოცემული ძირითადი სისხლის სამართლის საქმიდან ამ ორი კონკრეტული პიროვნების მიმართ ჩოფანაშვილის და გორნაკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოყოფა,“-განაცხადა პროკურორმა ირაკლი ბენიამ.

საქმის ორ ნაწილად გაყოფის დეტალებზე იგივე  მოტივით არ საუბრობს არც დაცვის მხარე. თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია.

„ჩვენ ვინარჩუნებთ დაცვის მხარე დუმილის უფლებას. ჯერჯერობით რუსლან ალდამოვს ჩვენება არ აქვს მიცემული  დაველოდებით მოვლენების განვითარებას. მტკიცებულებები არ არის სარწმუნო თუმცაღა ის არ არის კანონის დარღვევით მოპოვებული ამიტომ სამართლებრივად პროცესუალურად რთული იქნება დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაყენება თუმცა მაინც დავაყენებთ. ფაქტიურად ის მტკიცებულებები, რომელიც არის წარმოდგენილი არსებითად  პირდაპირ არ უკავშირდება ბრალს,“- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ორივე სასამართლო პროცესი დახურულია. 

დღის ამბები