24 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
მოსკოვის გამზირის არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას - საზოგადოების პეტიციას ოპოზიცია შეუერთდა

​საზოგადოების დიდი ნაწილი თბილისში, მოსკოვის გამზირისთვის ​​სახელის შეცვლას მოითხოვს. პეტიციაში, რომლის ხელმომწერთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება, ნათქვამია, რომ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის ნაცვლად ამ გამზირს სწორედ ოკუპანტების მიერ სასტიკად ნაწამები და მოკლული გმირის არჩილ ტატუნაშვილის სახელი უნდა ეწოდოს.

საზოგადოების ამ პეტიციას, პოლიტიკური ტრიბუნიდან ოპოზიცია შეუერთდა. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს მმართველ გუნდს მოუწოდეს, რომ მოსკოვის გამზირს სახელწოდება შეეცვალოს და მას ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას. უმცირესობაში გადაწყვეტილების მიღებას უმოკლეს ვადებში ითხოვენ.

„ქართული ოცნების“ მთავრობა ჯერ ფიქრობს. ოპოზიციის საგანგებო მოთხოვნას დღეს საკრებულოს წარმომადგენელმა უპასუხა.

ჰერალდიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლა უკვე დიდი ხანია განიხილება და რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ყველა გმირის სახელი უნდა დაფასდეს, თუმცა, არასაომარი მოქმედების დროს გარდაცვლილი გმირების პატივსაცემად სახელმწიფოს პოზიციას ელოდებიან.

შეუცვლიან თუ არა სახელს მოსკოვის გამზირს რამდენიმე დღეში გაირკვევა, პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. 

დღის ამბები