24 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
ეს ტროლები არიან შსს-ში და სუს-ში მობილიზებული - ოპოზიცია გიორგი ზურაბიშვილზე განხორციელებულ მუქარას ეხმაურება 

„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის შვილზე განხორციელებულ მუქარას, ოპოზიციის წევრებიც ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ წევრები პრობლემის მთავარ მიზეზად არსებულ ნარკოპოლიტიკას ასახელებენ და მისი შეცვლი აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მუქარა გამოძიებულ იქნას, მაგრამ ჩვენ მაინც ვუბრუნდებით რეალურად იმას თუ რისი ბრალია ეს ყველაფერი ანუ სახელმწიფოში არსებული მახინჯი ნარკოპოლიტიკის. ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ გადადო ამ საკითხის განხილვა და მიღება, ეს არის თავი და თავი ახალი დანაშაულების და მათ შორის ერთ-ერთია ეს მუქარის ფაქტი,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში.

მომხდარს ამაზრზენს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი ზურაბიშვილისთვის  ყალბი „ფეისბუქ ექაუნთებიდან“ გაგზავნილი შეტყობინებების უკან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კრიმინალური პოლიცია დგას.  ენმ-ში საქმის გამოძიებას სკეპტიკურად უყურებენ.

„იმედი იმისა, რომ გენერალური ინსპექცია ამას გამოიძიებს არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს ტროლები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში და სუს-ში მობილიზებული,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის შვილი გიორგი ზურაბიშვილი, ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.

საქმე ეხება იმ მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ ტექსტებს, რომელსაც ზურაბიშვილი ორი დღის განმავლობაში იღებს. მიზეზი ჟურნალისტის მიერ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო პოსტი გახდა.

გიორგი ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ ზეწოლა მასზე ძალოვანი უწყებების მიერ მართული პირების მხრიდან ხდებოდა, სწორედ ამიტომ ის დღეს გენერალურ ინსპექციას მიმართავს.

ჟურნალისტი სარჩელის შეტანას აპირებს პროკურატურაშიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები