25 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება თელავის საკრებულოს სხდომაზე

თელავის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ. 

ვითარების განსამუხტად საპატრულო პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.

მანამდე კი რუისპირისა და იყალთოს მოსახლეობა დღის წესრიგში გაყიდული მიწების პირველ საკითხად გატანას ითხოვდა. მათი თქმით, რუისპირში 45 ჰა საძოვარი ფარულად გაასხვისეს. ხოლო იყალთოში კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება.

ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც, მიწების გაყიდვაში მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ინტერესი იკვეთება, რომელიც თელავის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის სიძეა.

თხლაშიძემ მოსახლეობის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და საკითხის განხილვა დღის ბოლოსთვის გადადო.

საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მათი დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

დაპირისპირების გამო საკრებულოს სხდომა ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო.

დღის ამბები