20 აპრილი 2024,   08:20
ვრცლად
დავით დონდუა პარლამენტში დაიბარეს - ოპოზიციას მასთან შეკითხვები აქვს

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა, პარლამენტში დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან ოპოზიცია კონსულტაციების მომდევნო რაუნდზე დაგეგმილი დოკუმენტის - ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერის დეტალებზე განმარტებას ითხოვს.  

„არცერთი ნაბიჯი ჟენევის ფორმატში ამ ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც შექმნის ან ცრუ განცდას, რომ ვითომ პროგრესი გვაქვს მაშინ, როდესაც რეალურად გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო საზარელი მკვლელობების ფონზე და ზოგადად, რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, მით უმეტეს, რამე ნაბიჯი, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას, საკუთარი პროპაგანდისტული პოზიციის და სამართლებრივი ან ვითომ სამართლებრივი პოზიციის გაძლიერებისა, არ უნდა გადაიდგას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რეალური წნეხის ქვეშ რუსეთის მოქცევა ჩვენს ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც ჯერ არ მომხდარა და ამაში მათ შორის ჟენევის გამოყენება, მხოლოდ ჟენევა ამისთვის ვერ გამოდგება,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის წევრებს დავით დონდუას მისამართით შეკითხვები აქვთ.

„დოკუმენტის შემუშავება არის მცდელობა მხოლოდ იმისთვის, რომ რეალურად ჩვენ დამატებით დრო დავკარგოთ ილუზიის შექმნაში, რომ შეიძლება, რაღაც პროგრესს მივაღწიოთ რუსეთთან მოლაპარაკებებში, ამით დავაზიანოთ ჩვენი ფუნდამენტური ინტერესები, რაც არის რუსეთზე, რაც შეიძლება, სწრაფად საერთაშორისო წნეხის გაზრდა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატი.

"ჩვენთვის აუცილებელი და აქტუალურია, რომ ეს ფორმატი კიდევ უფრო ეფექტიანი და ქმედითი გახდეს და კონკრეტული შედეგები მოგვცეს,“ - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

 

დღის ამბები