20 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
შალვა კაკაურიძე და თამარ ონიანი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ერთ ვაკანტურ ადგილზე 2 კანდიდატურა დაასახელეს

შალვა კაკაურიძე და თამარ ონიანი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ერთ ვაკანტურ ადგილზე სწორედ ეს 2 კანდიდატურა დაასახელეს. საბოლოო გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით ამ წუთებში მოსამართლეთა კონფერენციაზე უნდა მიიღონ.

თამარ ონიანის თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ გამწესების შემთხვევაში, ის მოსამართლეებს საქმიანობაში ხელს შეუწყობს.

„მოლოდინი ნამდვილად მაქვს გამარჯვების. კოლეგების განწყობიდან გამომდინარე, ნამდვილად ვფიქრობ, რომ მხარდაჭერა მექნება... ჩემი მომავალი საქმიანობით ვეცდები, რომ მოსამართლეებს შევუწყო ხელი, რომ განახორციელონ მართლმსაჯულება, განვითარდეს სასამართლო სისტემა კიდევ უფრო მეტად და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული უფლება-მოვალეობა,“ - განაცხადა თამარ ონიანმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, აღნიშნავს, რომ მოსამართლის არჩევა მსჯელობის ფონზე არ მიმდინარეობს და ვარაუდობს, რომ თამარ ონიანიც მოსამართლე წევრების ხედვებს გაიზიარებს.

„ონიანთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება უმჯობესი იმ გაგებით, რომ ეს იქნება პირველად, საბჭოში წარმოჩენილი იყოს ქალი და ვიღაცამ გაბედოს და ქალი იყოს მოსამართლეების წარმომადგენელი. თუმცა, სინამდვილეში, იმის მიხედვით, რომ დღეს აქ პროცესის დემოკრატიულობის არცერთი ნიშანი არ გვაქვს, არც კამათი, არც ხედვების წარმოჩენა, არც რაიმე მსჯელობა, მე მგონია, რომ სამწუხაროდ, ის იქნება ზუსტად იმავე ჯგუფის ხელდასმული და წარმომადგენელი, როგორც ყველა სხვა მოსამართლე წევრი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღევანდელ კონფერენციაზე მოსამართლე წევრის გარდა, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული კომიტეტის წარმომადგენელიც უნდა დაამტკიცონ.  

დღის ამბები