მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის მუხლით ბრალი წარედგინება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ის დაკავშირებულია ცოტა ხნის წინ კატასტროფის მედიცინის ცენტრის დირექტორის დაკავების საქმესთან. უწყების ცნობით, გ.გ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა.
„2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ.ხ. ფარულად შეხვდა გ.გ.-ს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ჯ.ხ.-მ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა,“- განაცხადეს შსს-ში.
გიორგი გიორგანაშვილი ამ დროისთვის გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.