20 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
სეს-მა ხინკლის, გუფთას, ბლინის, ქაბაბის და ბასტურმას შემოწმების შედეგად ხორც-პროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინა

ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად ხორც-პროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინეს. ცხენის ხორცი გლდანის ბაზრიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაახლოებით, 2 კვირის წინ ამოიღო.

ტერიტორია შპს მერკადოს საკუთრებაშია, მეპატრონე დაუდგენელი ხორცის რეალიზაციისთვის წელს უკვე ორჯერ დაჯარიმდა, შარშან კი სხვადასხვა ნორმის დარღვევისთვის 20-ჯერაა დაჯარიმებული.

შპს მერკადოში ამბობენ, რომ სააგენტომ ისინი 2000 ლარით არა ცხენის ხორცის აღმოჩენის, არამედ ძველი პროდუქტის რეალიზაციისთვის დააჯარიმა.

უკანონო ცხენის ხორცის აღმოჩენის გამო, კიდევ 3 კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა. თუმცა, საწარმოებში უარყოფენ, რომ პროდუქციას ცხენის ხორცისგან ამზადებენ. მათი განცხადებით, ისინი ნახევარფაბრიკატებს ბაზარში ნაყიდი საქონლისა და ღორის ხორცისგან ამზადებენ.

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სულ ხინკლის, გუფთას, ბლინის, ქაბაბის და ბასტურმას 20-მდე ნიმუში შეამოწმა, შვიდში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, ორში კი ვირის ხორცი. პროდუქციის ბაზრიდან ამოღება უკვე დაევალათ მეპატრონეებს, მწარმოებლები კი 1000 ლარით დააჯარიმდნენ.

არ არის გამორიცხული, ვირისა და ცხენის ხორცი სარეალიზაციოდ გამზადებულ პროდუქციაში კიდევ აღმოჩნდეს. სურსათის უვნებლობის სააგენტო რეიდებს აგრძელებს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები