19 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
სექსუალური შევიწროების საქმე - ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ჩივის

ზვიად დევდარიანმა 2-კვირიანი დუმილი დაარღვია და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე დღეს პირველად ისაუბრა. საკუთარი სიმართლის დასადგენად სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ჩივის.

სექსუალური შევიწროების საქმეს სწავლობს არასამთავრობო სექტორი, თუმცა, პოლიციისთვის ამ დრომდე არც ერთ სავარაუდო მსხვერპლს არ მიუმართავს.

დევდარიანი მზად არის, ექსპერტიზისათვის სამართალდამცველებს მისი ორივე მობილური ტელეფონი გადასცეს, სადაც ყველა მიმოწერა შენახულია.

ზვიად დევდარიანი დარწმუნებულია, რომ სოციალურ ქსელში კამპანია მისი დისკრედიტაციის მიზნით მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილება მიიღო. დევდარიანის მტკიცებით, სექსუალური შევიწროებაში მის დადანაშაულებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - მისი კონკურსიდან გათიშვა.

დევდარიანი გამოძიებას სთხოვს, დაადგინოს, ვინ დაიწყო კამპანია მის წინააღმდეგ, თავად კი ამ ეტაპზე გვარებს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ მათი ვინაობა იცის.

არასამთავრობოებმა სამი საქმე სახალხო დამცველს უკვე გადაუგზავნეს. ომბუდსმენის აპარატმა პარალელურად თავადაც დაიწყო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლა.

დევდარიანი ხვალ პროკურატურას მიმართავს. იგი უწყებისგან ითხოვს, გამოიძიოს კერძო და პირადი კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტი.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები