18 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
ჯიპების ეპოქა - მთავრობა შავი ფერის ავტომობილებს ფერადით ჩაანაცვლებს 

მთავრობა შავი ჯიპებიდან გადმოვიდა - პრემიერის განკარგულებით, მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ შავი ავტომობილებით გადაადგილება. ირკვევა, რომ პრობლემა არა ძვირადღირებულ მანქანებში, არამედ მხოლოდ ფერშია.

პრემიერმინისტრმა სამთავრობო მანქანების ფერის ცვლილებაზე განცხადება ორი თვის წინ გააკეთა, რის შემდეგაც კვირიკაშვილმა ორი დადგენილება გამოსცა. ერთი, 30 მარტს, სადაც ჩინოვნიკების შავის გარდა ყველა სხვა ფერის ავტომობილის შეძენის უფლებას აძლევს და მეორე, 2 აპრილს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მთავრობა ახლო მომავალში ავტოპარკის განაახლებს.

ახალი ავტომობილებისთვის სოლიდური თანხის გამოყოფა იგეგმება და ამ მიზნით, კი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვის და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია იქმნება.

ოპოზიცია შავი ჯიპების ფერადით ჩანაცვლების იდეას, ცინიკურად ფასებს და ფიქრობს, რომ მთავრობის სურვილები და ხალხის მოთხოვნები ერთმანეთს მკვეთრად აცდენილია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ანუ ბიუჯეტის ფულის ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდებს და დარწმუნებულია, რომ ამას „ქართული ოცნების“ მთავრობა მხოლოდ მანქანის ფერის შეცვლით ვერც ახლა შეძლებს.

სამთავრობო კომისია, რომელმაც ახალი ავტომობილების შეძენა უნდა უზრუნველყოს, ჯერ მხოლოდ ფურცელზე არსებობს. ასევე, უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს კომისიას და როდის დაიწყება ახალი ავტომობილების შეძენა.

დღის ამბები