20 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
უშედეგოდ დახარჯული მილიონები - მთავრობის მიერ დაანონსებული პროექტების უმეტესობა სოფელ რუხში განუხორციელებელია 

სოფელ რუხში, სავაჭრო ცენტი, რომელიც სამეგრელოს ეკონომიკური აღორძინების პროექტად სახელდებოდა, დღეს თითქმის ცარიელია. სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე ამტკიცებს, რომ მაღაზიები გახსნილია, თუმცა „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ნახა, რომ სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილს ბოქლომი ადევს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც აფხაზები და ქართველები ერთის მხრივ პროდუქციის რეალიზებას და მეორეს მხრივ ერთმანეთთან ხელახლა დაახლოებას შეძლებდნენ. რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 15 მილიონი დაჯდა. ფული „საპარტნიორო ფონდმა“ და რამდენიმე კერძო ბიზნესმენმა ჩაიდო.

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც მთავრობამ ბევრი ილაპარაკა, თუმცა ჯერ ვერ განხორციელდა, სოფელ რუხში მშენებარე სამედიცინო ცენტრია. მრავალფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ადგილზე მშენებლებმა არ იციან ზუსტად როდის დასრულდება მშენებლობა.

სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შენგელაია ამბობს, რომ საავადმყოფოს მშენებლობა სახელმწიფოს 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა თვლის, რომ ფულიც არამიზნობრივად დაიხარჯა და საინვესტიციო გარემოც დაზარალდა.

სოფელ რუხთან დაკავშირებით, მურთაზ ზოდელავა სკანდალურ ინფორმაციასაც ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კონტრაბანდაზე და ამ კონტრაბანდული საქონლის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოტანის სქემაზე საუბრობს. ის დარწმუნებულია, რომ შავი ბაზრის წარმომადგენლები გუბერნატორისა და ადგილობრივი პოლიციის დახმარების გარეშე ვერ იმოქმედებდნენ.

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები