24 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
გადათხრილი ქუჩები ფოთში - საპორტო ქალაქს კანალიზაცია კიდევ სამი წელი არ ექნება

გადათხრილი გზები, მშრალ ამინდში აუტანელი მტვერი და წვიმის დროს გაუვალი ტალახი - ფოთში ქუჩების დიდი ნაწილი აშლილია. მიზეზი საკანალიზაციო სისტემის მშენებლობაა, რომელიც უკვე სამი წელია მიმდინარეობს.

საპორტო ქალაქში, აზიის განვითარების ბანკისგან აღებული 37 მლნ. დოლარიანი სესხით  კანალიზაციის ქსელი უნდა მოეწყოთ. საერთაშორისო ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანია "აზერაგრარტიკინტმა" გაიმარჯვა.  კომპანიამ სამუშაოები  დაიწყო, მაგრამ 5 თვეში სამხარაულის ბიურომ მორიგი შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ შესრულებულ სამუშაოები მოთხოვნილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. ამის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა.

ტენდერი საქართველოს წყალმომარაგების კომპანიამ ჩაატარა, სადაც ამბობენ, რომ კონტრაქტორისთვის ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ და მხარეები ახლა სასამართლოში დავობენ. რაც შეეხება გადათხრილ ქუჩებს, პროექტის შეჩერებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ ახალი კონტრაქტორი გამოჩნდა, თუმცა სამუშაოები კიდევ სამი წელი გაგრძელდება.

სტადიონი ფოთში კიდევ ერთი შეჩერებული პროექტია, რომლის მშენებლობა თითქმის 4 წელია გრძელდება.  ამ 4 წლის თავზე კი დროსთან ერთად ბიუჯეტიდან თითქმის 3 მლნ. ლარიცაა გაფლანგული. სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებულ პირველ ტენდერში გამარჯვებულს 500 000 ლარის ავანსი მიუთვისებია და წასულა, მეორე ტენდერში გამარჯვებულს კი უკვე 700 000 ლარის ავანსი წაუღია და ისიც გაუჩინარებულა. სულ ბოლოს კი მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის "ელიტა ბურჯს" ანდეს, იმ გათვლით რომ ის მაინც აღარ წავიდოდა არსად და 1.5 მლნ. ლარის ავანსიც გადაურიცხეს.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები