25 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
გლოვის ღამე ტყიბულში - სოლიდარობის აქციას პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან

ტყიბულში დღეს გლოვის ღამეა - გარდაცვლილი 6 მეშახტის ხსოვნის საპატივცემულოდ ტყიბულელები ქალაქის ცენტრში ყვავილებითა და სანთლებით შეიკრიბებიან. სოლიდარობის აქციას შეუერთდებიან პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძის თქმით, მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები დაგვიანებულია.

„დაგვიანებული რეაქციები და არასრულფასოვანი პროცესი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ცხადი პოლიტიკური ნება, რომ შეცვალოს ეს ვითარება ამ სამუშაო ადგილებზე, რადგან ის ვერ იაზრებს მნიშვნელობას, როგორც შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის, ასევე, იმ მექანიზმების მნიშვნელობას, რომლებმაც უნდა დაავალდებულოს კომპანიები, რომ აღარ ჰქონდეთ შრომის უსაფრთხოების ასეთი დარღვევები,“ - აცხადებს ღვინიანიძე.

მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, რომ ტყიბულში დღეს ღამით შეკრებილები სოლიდარობას ყველა იმ ადამიანს უცხადებენ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობს.

„მთელი ქალაქი იკრიბება ცენტრალურ მოედანზე გლოვის ღამის სიმბოლურ აქციაზე, სადაც სოლიდარობას გამოხატავენ არა მხოლოდ იმ დაღუპული მეშახტეების მიმართ, არამედ ყველა მშრომელის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობს იმ მინიმალური საარსებო წყაროებისთვის, რასაც დღეს სამუშაო გარემო ჰქვია,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებას "აუდიტორია 115-ის" წევრები ოთხშაბათს თბილისში დაანონსებულ აქციაზეც მოითხოვენ.

სამოქალაქო სექტორთან შრომის უსაფრთხოებაზე კონსულტაციებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ მხრივ არსებული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მათი გარდაცვალების რეალური მიზეზი.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები