
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. დღეს კი მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა. საუბრის მთავარი თემა რუსეთიდან მომდინარე აგრესია და ოლიგარქიული რეჟიმი იყო. ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთისგან მთლიანად რეგიონს ემუქრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია უფრო ფართო სპექტრში იქნას განხილული რუსული აგრესია.
„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ განსაკუთრებული გარემოებები, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობს. რუსეთი დღეს არამხოლოდ მის საზღვრებთან ახლოს, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეცაა. საჭიროა საფუძვლიანად და ფართო სპექტრში განვიხილოთ ის საფრთხეები, რომელიც რუსეთიდან მოდის: დაწყებული სოლსბერს თავდასხმით, კიბერშეტევებით, ვითარების დესტაბილიზაციით და დეზინფორმაციის კამპანიით დამთავრებული. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს განვითარება ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით,“-განაცხადა ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა.
ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა ბრიუსელში ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ასამბლეაზე ყველა ის აქტუალური საკითხი იქნება განხილული რომელიც დღეს ევროპის წინაშე დგას. ასამბლეას ესწრებიან ევროპის სახალხო პარტიის პოლიტ ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის საქართველოდანაც.
ქართველი დეპუტატები გეგმავენ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას. ისინი ამბობენ რომ ძირითადი აქცენტები გაკეთდება რუსეთზე, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასა და საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.