18 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე - მთავარმა მოწმემ სასამართლო გაძლიერებული დაცვით დატოვა

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე  არსებითი განხილვა გრძელდება -დღევანდელი პროცესის შემდეგ, საქმის  ძირითადმა მოწმემ სასამართლო შენობა გაძლიერებული დაცვით და უკომენტაროდ დატოვა. მიხეილ კალანდიამ, რომლის მიმართაც ყველაზე მეტი შეკითხვა და პრეტენზიაა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

სასამართლო დარბაზში კი ის სამი საათი ყვებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებს, თუმცა ადვოკატები და დაზარალებული სარალიძე უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მოწმე კალანდიამ ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებით პროკურატურის ვერსია თავდაყირა დააყენა. რადიკალურად შეცვალა წინასწარ გამოძიებაში მის მიერ მიცემული რამდენიმე ჩვენება და სასამართლოს მომხდარის ახალი ვერსია შესთავაზა. მოკლული დავით სარალიძის მამისთვის ყველაზე საყურადღებო მოწმის ჩვენების ის ნაწილია, სადაც მან გამოძიება ზეწოლაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მოწმე მიხეილ კალანდია არის ერთ-ერთი, რომელის მიმართაც ზაზა სარალიძეს საკუთარი ეჭვები აქვს. მოკლული არასრულწლოვნის მამა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ისიც დამნაშავე იყოს.

მოწმე კალანდიას ჩვენების შინაარსზე ბრალდებულების ადვოკატები საჯაროდ ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ რომ სასამართლოს მან ბევრ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიაწოდა ინფორმაცია. დღევანდელი დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულების დამცველები მოწმის უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ.

დღის ამბები