ვეძისში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის მოტივი და დამნაშავეების ვინაობა უცნობია. ამ დრომდე გამოძიებას არავინ დაუკავებია.
5 დაჭრილიდან ვერავინ ამბობს ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ შავი ავტომობილის მგზავრები, რომლებმაც მათი მიმართულებით 20-ჯერ გაისროლეს. მორაგბე ლაშა საჯაია, რომელსაც 6 ტყვია, მოხვდა და მისი ძმა და კიდევ დაჭრილი ორი მეგობარი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. კიდევ ერთი გოგონა, რომელიც მსუბუქად დაზიანდა, სახლშია გაწერილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა ამ დროისთვის თავდასხმისას გამოყენებული იარაღის ან ავტომობილის მფლობელების იდენტიფიცირება.
ცნობილია ის, რომ ოსეთის ქუჩაზე 20-ჯერ, სამი სხვადასხვა იარაღიდან ისროლეს. დაჭრილების მამა ამბობს, რომ ქუჩაზე, სადაც მისი შვილები მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ, შავი ფერის ჯიპმა ჩაიარა, შიგნით 4 მამაკაცი იჯდა. მანქანა რამდენიმე წამით გაჩერდა და ახალგაზრდების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
მამის ინფორმაციით არც მის შვილებსა და არც მათ მეგობრებს არავისთან დაპირისპირება არ ჰქონიათ. მომხდარ თავდასხმას წინ არაფერი უძღოდა.