იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშსა და საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს განიხილავენ.
სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ სახალხო დამცველის კრიტიკას ეთანხმება ნაზი ჯანეზაშვილი და იმედოვნებს, რომ ამას მისი კოლეგებიც გაიზიარებენ.
რაც შეეხება ელექტრონული გადანაწილების წესს - საბჭოს არამოსამართლე წევრი მის საბოლოო ვარიანტზე დროულად შეჯერების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია ხშირმა ცვლილებებმა სწორედ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც საქმეთა ელექტრონულ გადანაწილებას ეხება.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს, რაც შეიძლება ნაკლები კითხვები“- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
დღესვე, სხდომის დაწყებამდე ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს - ის იმ საშიშროების შესახებ აპირებს საუბარს, რაც მოსამართლეთა დანიშვნისას არსებობს.
„არსებობს ძალიან დიდი საშიშროება, რომ მოსამართლეთა შეფასებისა და დანიშვნის პროცესი არ იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ამ პროცედურას, რომელსაც ჩვენ გავდივართ, რომ მოსამართლეები შევარჩიოთ უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მხრივ“- აცხადებს ანა დოლიძე.