20 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
დაპირისპირება კვირიკაშვილ-კობახიძეს შორის - მმართველი გუნდი "შაბათის კურიერის" მიერ გასაჯაროებული მიმოწერის ნამდვილობას ადასტურებს 

"შაბათის კურიერის" მიერ გასაჯაროებული, კვირიკაშვილი - კობაიხიძის მიმოწერის ნამდვილობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადასტურებენ.

სკანდალური შინაარსის შეტყობინება პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა, სადაც გააკრიტიკა კობახიძის მმართველობის სტილი და ის პარტიის თავმჯდომარის პოზიციის იგნორირებაში დაადანაშაულა. 

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მოითხოვს ასევე გასაჯაროვდეს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დეპუტატებისთვის მანამდე გაგზავნილი კიდევ ერთი შეტყობინება, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„პრემიერმა უბრალოდ იმ განცხადებების შესაბამისად რაც გაკეთდა, მაგის საპასუხოდ მოიწერა ეგ რომ მისი განცხადების ინტერპრეტირება ხდებოდა სხვანაირად. იყო და მაგას უძღოდა წინ სხვა გზავნილი და ის რატომღაც არ გაამჟღავნა ვიღაცამ. ის მოწოდება ერთობისკენ და თავის შეკავებისკენ. ყველა მხარის მიმართ და ამის ინტერპრეტირება მოხდა და შემდეგ იყო ის გზავნილი, რომ ნურავინ ნუ ცდილობდა იმ გზავნილების ინტერპრეტირებას სათავისოდ.

„ვიღაცეები თვლიან, რომ ვიღაცამ დისციპლინა დაარღვია, ამ საუბარს თუ არ დაამთავრებენ ვიძახი, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრება დასრულება სამუდამოდ.

მე არსად მითქვამს, რომ კობახიძე უნდა გადადგეს. ის ადამიანი თვითონ იძახის, რომ ჩემს გადადგომას 50 ხელმოწერა სჭირდებაო. დაუთვლია კიდევაც. მე ისიც არ ვიცი, რამდენი ხელმოწერა სჭირდება მაგის გადადგომას, სულ არითმეტიკითაა დაკავებული.

არითმეტიკით დაკავებას ვურჩევდი, ჩვენით დაკავდეს , დეპუტატების ურთიერთობის დალაგებით“-აცხადებს ჭიჭინაძე.

"კურიერს" ხელში ჩაუვარდა პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც ქართულ ოცნებაში არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა.

პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს.

პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არცერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა.

კურიერის ინფორმაციით, მიმოწერამდე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დეპუტატს და გიორგი კვირიკაშვილმა მას ამ დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები