24 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
ქალთა ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს ხვდებიან

ქალთა ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციის და შეწყალების კომისიის წევრებს ხვდებიან. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ორი საათია, მიმდინარეობს.

გიორგი მარგველაშვილი სამოქალაქო სექტორისგან იღებს რჩევებს, რა შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული შეკავება მსჯავრდებულის მიმართ და როგორ უნდა განისაზღვროს რეალური მოძალადის ქმედებები.

შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა ტიპის ქმედებები უნდა იყოს გატარებული და როგორ უნდა განხორციელდეს პრის შეწყალება ისე, რომ შეწყალების კომისიის მხრიდან შეცდომები არ იქნას დაშვებული.

პრეზიდენტმა ძალადობის თემასა და შეწყალების საკითხზე მორატორიუმი გამოაცხადა. მან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციების დაწყება დააანონსა.

„დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც ამ საზოგადოებას ახსოვს, როდესაც სახელმწიფოს ჰქონდა სრულიად არაადამიანური და ძალიან რეპრესიული, არაადეკვატური სისხლის სამართლის პოლიტიკა სლოგანით - „ყველა ციხეში“. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეული ჯგუფები სწორედ ამ მესიჯზე დასხდებიან და ისევ გააკეთებენ მოწოდებას, რომ  სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს არაადეკვატური, არაადამიანური. საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული დროით ადამიანების იზოლაცია მოხდება ციხეში და ამით პრობლემები აღმოიფხვრება, ამ მიდგომით ძალიან შორს ვერ წავა ეს სახელმწიფო. სახელმწიფოს სჭირდება მანამდეც და შემდგომაც ძალიან კარგად გააზრებული, კომპლექსური მიდგომები დანაშაულს პრევენციისთვის,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები