
საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცესზე ექიმი და გენეტიკური ექსპერტი დაიკითხნენ.
პროცესის შემდეგ, საქმის პროკურორმა ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას უპასუხა. დავით სარალიძის მამის თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ გამოძიება არა ობიექტურად მიმდინარეობს, ვინაიდან გამოძიებამ იცის ვინ არის მკვლელი, თუმცა მას მფარველობენ.
პროკურორი ზვიად ფხაკაძე კი ამბობს, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს და მოწმეებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
„ბატონი ზაზა სარალიძის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ მე, როგორც პროკურორი, ვალდებული ვარ სისხლის სამართლის ნებისმიერ საქმეზე, მათ, შორის ხსენებულ საქმეზეც, მათ შორის ზაზა სარალიძის მიერ დასახელებულ პირის თაობაზე, მიხეილ კალანდიას მიმართებითაც, გადაწყვეტილება მივიღო, მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო, მით უფრო, გადაწყვეტილება მივიღო ისეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით,“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
პროკურორი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
საქმე ეხება კუპრავას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საგამოძიებო უწყებას აშანტაჟებს.
„ბატონი ზვიად კუპრავა აკეთებს განცხადებებს, ეს მისი უფლებაა, თუმცა მის მიერ გაკეთებული ინფორმაცია არ ემყარება გარკვეულ არგუმენტაციას. მე ამის მაგალითად მოგიყვანეთ მაგალითი, როდესაც ის გამოიკითხა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ზვიად კუპრავამ საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით დღეს მიაწოდა. კუპრავას მტკიცებით, სუბელიანს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალური ვიდეო აქვს. მისივე თქმით, სწორედ ამ მასალით ხდება სამართალდამცველების დაშანტაჟება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე არ გაფართოვდეს.