20 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
ევროპის ორ ქვეყანაში დაწყებული სპეცოპერაციის გაგრძელება - დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 პირი

ევროპის ორ ქვეყანაში დაწყებული სპეცოპერაცია საქართველოში გაგრძელდა. პოლიციამ საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულებთან კავშირში მყოფი სამი მოქალაქე დააკავა. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ქართველმა სამართალდამცველებმა 25 წლის კახა ბეჟიტაშვილი, 29 წლის დიმიტრი ჭრელაშვილი და 35 წლის გივი ბეგიაშვილი დააკავეს.

დაკავებულებიდან ორი დედაქალაქში, ერთი კი კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, სამივე მათგანს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში.

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ქართველი და ევროპელი სამართალდამცველების ერთობლივი ოპერაცია საბერძნეთსა და საფრანგეთში. 16 აპრილს პარიზსა და სალონიკში ოთხი კანონიერი ქურდი დააკავეს. დღეს ბერძნულმა მედიამ მათი სასამართლოში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

სასმართლოში შეყვანამდე ოთხი ე.წ. კანონიერი ქურდიდან, ორი ბერძენ ჟურნალისტებს ეუბნება, რომ სამართალდამცველები ცუდად ექცევიან და მათი უფლებები ირღვევა. 

სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს საქართველოში დაკავებულების საცხოვრებელი სახლები.

თბილისსა და კახეთში დაკავებულ სამ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ. მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა სასამართლო პროცესი შაბათს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები