24 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
ობუდსმენი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მუშაობას აკრიტიკებს - სერგეენკო კრიტიკას არ ეთანხმება

სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მუშაობას აკრიტიკებს.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საჩივრები, რომლებიც სააგენტოში შედის, გამოუძიებელია და ექიმებს, რომელთა სავარაუდო სამედიცინო შეცდომებზეცაა საუბარი, ლიცენზიაც კი არ უჩერდებათ.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის შესაძლებლობა ნაკლებად არის. ამიტომ ეს უქმნით მათ განწყობებსა და შთაბეჭდილებებს, რომ შესაძლებელია, სააგენტოში მყოფი წევრები, რომლებიც ასევე პროფესიით ექიმები არიან და შესაბამისად იმ ადამიანების კოლეგები არიან, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია შეტანილი, მათ აქვთ განწყობა, რომ შესაძლებელია, ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებდეს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის კრიტიკას არ ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრი.

დავით სერგეენკოს თქმით, ყველა საქმეს თავის სპეციფიკა აქვს და მისი გაცნობის გარეშე არ შეიძლება ვინმეს არაეფექტურ მუშაობაზე საუბარი.

„ნებისმიერ საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს და სპეციფიკაში ჩახედვის გარეშე, უბრალოდ, არ შეიძლება ბრალის დადება არაეფექტიან მუშაობაზე ან ხელოვნურ გაჭიანურებაზე. რეგულირების სააგენტო არის ორგანიზატორი იმ სისტემის, რომელიც განიხილავს ასეთ შეცდომებს. ეს არის პროფესიული განვითარების საბჭო, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ მე და მე ვაგებ პასუხს,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები