18 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. სამართალდამცავები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე არიან მობილიზებულები.

კურიერის ინფორმაციით, 20 და 29 წლის ახალგაზრდებს ცივი იარაღით ჭრილობები, სავარაუდოდ, თანატოლმა მიაყენა.

კურიერს თვითმხილველები უყვებიან, რომ მათ დაჭრილი ახალგაზრდა დაინახეს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მდებარე კიბეზე ჩამოდიოდა, თუმცა მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე დაეცა.

დახმარება დაზარალებულებს თვითმხილველებმა აღმოუჩინეს. მათ ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. 

დაჭრილებიდან ერთ-ერთს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლა დააგვიანდა.

დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე იმ პირის ვინაობა, ვინც ორი ახალგაზრდა დაჭრა, უცნობია. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები