იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტს პარლამენტის უპატივცემულობაში ადანაშაულებს. ეკა ბესელიას განცხადებით ქვეყნის პირველმა პირმა პატივი უნდა სცეს წესებს, რომელსაც პარლამენტი იცავს. მისივე თქმით იმის მოთხოვნა, რომ ახლა რაღაც ლავირებას მიმართოს პარლამენტმა პრეზიდენტის გამო, არის არასწორი მოთხოვნა და უპატივცემულობა საკანონმდებლო ორგანოსი.
ეკა ბესელიას დაეთანხმა ირაკლი კობახიძეც. თუმცა მან აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ტაქტიკურ გადაწყვეტილებაზე და შესაძლოა რომ არ მისცეს პრეზიდენტს.
„ჩვენ შეგვიძლია მარტივად გავატაროთ ასევ ვთქვათ, ჟარგონზე, რომ ვისაუბროთ ეს საკითხი. შეგვიძლია ტაქტიკურად გადავწყვიტოთ ეს საკითხი და არ მივცეთ საბაბი ბატონ გიორგი მარგველაშვილს. შეგვიძლია პრინციპულად დავიცვათ ინსტიტუტის პრესტიჟი, მკაცრად და ხისტად, დავიცვათ ჩვენი ძირითადი საკანონმდებლო აქტის პრესტიჟი და მისი სტატუსი . ეს არის ჩვენი ტაქტიკური გადაწყვეტილების საგანი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს სთავაზობს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით და პრეზიდენტს მისცეს საშუალება სხდომათა დარბაზში დაბრუნდეს და პასუხი გასცეს დეპუტატებს. საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, რომ იმ დრომდე სანამ ფრაქციების თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლები დაიწყება შესაძლებელია, რომ გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთოს.
„ჩვენ ვართ ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში. არ მახსენდება ასეთი სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტს დაეტოვებინოს საპარლამენტო დებატი. ვიმყოფებით პოლიტიკური გადაწყვეტილების წინაშე, ამიტომ თქვენი უფლებაა დაუშვათ ან არ დაუშვათ გამონაკლისი. მე მოგიწოდებდით ეს არ გააკეთოთ,“-მიმართა ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.
საპარალამენტო უმრავლესობა კი რეგლამენტში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია.
საქართველოს პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მან აღნიშნა, რომ არ აქვს საშუალება სიტყვით გამომსვლელ დეპუტატებს პასუხი გასცეს, რაც მისთვის მიუღებელია.