07 დეკემბერი 2021,   12:52
ვრცლად
„გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი... ეს არის კანონმდებლობის ფეხ ქვეშ გათელვა“ - ანრი ოხანაშვილი

გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი,“ - ეს შეფასება „ქართული ოცნების წევრმა ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვების შესახებ გააკეთა.

ოხანაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ინსტიტუციების შეურაცხყოფას უწოდებს.

„პირველ რიგში, მე მგონია, რომ ინსტიტუტისადმი ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი. საუბრობს, იმაზე, მსურს დებატიო და გარბის დარბაზიდან, თუ მას სურს დებატი,  მაშინ უნდა მოისმინოს, დებატებში შევიდეთ და ვიმსჯელოთ, რა გამოსავალია. მე არ მესმის ლოგიკა, გსურდეს დებატი და გარბოდე დარბაზიდან,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს დატოვების გადაწყვეტილება, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა.

„ეს არის კანონმდებლობის ფეხ ქვეშ გათელვა, მაგრამ მე არ მიკვირს, სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმები გარეშე, რომელ კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, თუკი პრეზიდენტის დებატებში შესვლა სურდა, მას წინასწარ უნდა შეეთანხმებინა და შეეთავაზებინა ეს დეპუტატებისთვის. 

დღის ამბები