24 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
ზვიად კუპრავა დააკავეს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა დააკავეს.

ცნობილია რომ კუპრავა სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს აიყვანეს. 

კუპრავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა და მას  10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. 

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - 173-ე და 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, კუპრავა იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, ჯარიმის გამოწერის პროცესში მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ზვიად კუპრავას მეგობარი და "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" წევრი. ლაშა ცუცქირიძის თქმით, ზვიად კუპრავა დაკავებისმომენტში ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. 

პატრულმა ისინი იმ დროს გააჩერა, როცა საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი იჯდა. პოლიციამ კუპრავას მეგობარს ჯარიმა გამოუწერა, რაც მართვის მოწმობის დროებით შეჩერებას გულისხმობს.

კუპრავამ პოლიციელებს განუცხადა, რომ მოქმედი შს მინისტრი მაშინ როცა ეკონომიკის მინისტრი იყო სწორედ იმავე სამართალდარღვევისთვის გააჩერეს, თუმცა მას მხოლოდ ფულადი ჯარიმა გამოუწერეს. ცუცქირიძე ამბობს, რომ კუპრავამ სწორედ ეს სთხოვა პოლიციას.

რის შემდეგაც ადგილზე ოცმეთაური გამოიძახეს, მან კი ზვიად კუპრავას დაკავების ბრძანება გასცა.

ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ სამხრე კამერებში არ ჩანს, რომ დაკავებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას არ ადასტურებს არც საპატრულო პოლიციის წევრი, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა.

მიუხედავად ამისა, ცუცქირიძის თქმით, კუპრავას ადმინისტრაციული სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა - 10 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

ცუცქირიძე იმასაც ამბობს, რომ დაკავებიდან სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდე ოჯახმა არ იცოდა სად ჰყავდათ დაკავებული.

ცუცქირიძე აცხადებს, რომ კუპრავა პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და ეს უკავშირდება იმ ხმაურიან განცხადებებს, რომელიც შს მინისტრს და ასევე მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება. 

დღის ამბები