04 დეკემბერი 2021,   23:19
ვრცლად
ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - კობახიძე

„გასული 5 წლის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დასამახსოვრებელი მოხსენება ბატონი გიორგი მარგველაშვილის მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო,“- ეს განცხადება, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური დებატების ბოლოს გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციონერი პრეზიდენტი უწოდა.

„ამ შემთხვევაში ბატონმა გიორგიმ ხელიდან გაუშვა შანსი, დაემკვიდრებინა ახალი ტრადიცია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებასა და ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მოხსენებებიც, მათ შორის, დღევანდელიც, იყო რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოხსენება, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,“- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით მწვავედ გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტისგან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არაობიექტური შეფასებები იგზავნება.

„სისტემა მოქმედებს არასწორად, კონკრეტული ბერკეტი - შეწყალების უფლებამოსილება არის ბოროტად გამოყენებულ საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ეს არის სამწუხარო დასკვნა. იმ სტატისტიკაში, რაც არის ჩამოყალიბებული დასავლეთის ქვეყნებში, არის კონკრეტული ლოგიკა და აქაურ სტატისტიკაშიც არის კონკრეტული ლოგიკა. გიორგი მარგველაშვილი ამას იმ ფონზე აკეთებს, როდესაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკით ორნახევარჯერ შევამცირეთ პატიმართა რაოდენობა საქართველოში. პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია და სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. აღარ მიკვირს თუ საიდან გამომდინარეობს Freedom House-ის დასკვნები იგივე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. Freedom House-ის დასკვნის თანახმად, სასამართლოს სისტემაში 2011 წლის შემდეგ გაუარესებულია ვითარება, ანუ ადეიშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ სასამართლოს თურმე არათუ არ ჯობია არსებული სასამართლო სისტემა, არამედ გაუარესებული ყოფილა სისტემა. ასეთი დასკვნები გამომდინარეობს არაობიექტური შეფასებებიდან, რომელიც იგზავნება საქართველოდან არაობიექტური შემფასებლებისგან, მათ შორის არის არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი,“- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან სხვადასხვა ინსტიტუტში მისი თანამშრომლების დანიშვნა ჩვეულ პრაქტიკად იქცა.

„ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა გიორგი მარგველაშვილის მიერ დამოუკიდებელ ორგანოებსა და ინსტიტუტებში საკუთარი თანამშრომლები დანიშვნა, ასეთი პრაქტიკა შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს - ორი თავისი თანამშრომელი დანიშნა მან საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის საბჭოს, მარეგულირებელ კომისიას, რაც პრეზიდენტის მხრიდან შემაშფოთებელია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები