პრეზერვატივების სადავო სტიკერების თემის განხილვამ უკვე სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა. პირველმა ინსტანციამ უნდა თქვას, დაირღვა თუ არა რეკლამის შესახებ კანონის მუხლები პრეზერვატივებზე დატანილი გამოსახულებებით და ფრაზებით. პრეზერვატივების საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა 4 მაისამდე გადაიდო.
პირველივე სასამართლო განხილვაზე ხმაური იყო და სხდომათა დარბაზში სიტყვიერი შეურაცხყოფაც ისმოდა. პროცესზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი საათზე მეტ ხანს განმარტავდა, რატომ და რას შეურაცხყოფს პრეზერვატივებზე დატანილი სტიკერები და რატომ არღვევს ის რეკლამის შესახებ კანონს.
ყველაზე დიდი დრო ონანიზმის თემატიკას დაეთმო. მოსარჩელეს მოპასუხე მოსამართლის გასაგონად უმტკიცებდა, რომ პრეზერვატივზე დატანილი ეს ფრაზა რელიგიურ გრძნობებს არ შეურაცხყოფს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის აზრით კი, კონდომზე ასეთი მინაწერი დაუშვებელია.
კომპანია „აიისა“, რომელიც სტიკერებს აწარმოებს და პრეზერვატივის გამჭირვალე შეფუთვაზე აკრავს, საპატრიარქომაც გააკრიტიკა. „ქართული იდეის“ წევრმა, ლევან ჩაჩუამ მერიას ოფიციალურად მიმართა და კონდომების დიზაინის გამო ავტორის დაჯარიმება მოითხოვა.
ანა გაჩეჩილაძის ინტერესებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს.